ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებულ რეცენზირებას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განახორციელებს
2024 წელს (ისევე როგორც 2013-2018 წლებში), სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებულ რეცენზირებას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განახორციელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებიდან აცნობეს, აღნიშნული მომსახურების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულება სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან უკვე გაფორმდა.
„გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, გაერთიანებამ ექვსწლიანი პაუზის შემდეგ რეცენზირების პროცესში ჩართვა ახალი გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვიტა, კერძოდ, კლინიკების სავალდებულო აკრედიტაციის პროცესმა, მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე უნდა გააუმჯობესოს პაციენტებთან ურთიერთობის საკითხები, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტით ყველა დაწესებულებამ რეალურად უნდა შექმნას ეთიკური კომიტეტი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ პაციენტების საჩივრების კლინიკაშივე დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ განხილვის პროცესში.
საერთაშორისო პრაქტიკით საჩივრების მინიმუმ 50% კლინიკებში განიხილება და მომხმარებელი აღარ აგრძელებს დავას სხვა ინსტანციებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.