სამედიცინო ასოციაციები კლინიკებისა და სამინისტროს დონეზე კლინიკური ეთიკის კომიტეტების შექმნას ითხოვენ
სამედიცინო ასოციაციები კლინიკებისა და სამინისტროს დონეზე კლინიკური ეთიკის კომიტეტების შექმნას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.
გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის, არჩილ მორჩილაძის განცხადებით, სამედიცინო საზოგადოება შეთანხმებულია, რომ ნებისმიერი სამედიცინო შემთხვევის შეფასება და შემდგომი საქმის აღძვრა ან ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მხოლოდ დარგობრივი ასოციაციების მიერ საკითხის განხილვის შემდეგ შეიძლება მოხდეს.
მისივე თქმით, სწორედ კლინიკური კომიტეტები გახდება ასოციაციების მიერ ამ ფუნქციის განხორციელების ეფექტიანი საშუალება.
,,გაერთიანების რეზოლუციაში ყურადღება გამახვილებულია სამედიცინო დახმარების ხარისხის ამაღლებაზე. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია რეზოლუციის მესამე პუნქტი, რომლის მიხედვითაც: „სასწრაფოდ უნდა შედგეს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მიერ მიღებული სამედიცინო დახმარების (გაიდლაინები)პროტოკოლების გამოყენება იქნება დაშვებული საქართველოში (მსგავსი მიდგომა გამოყენებულია ფარმაცევტულ სფეროში-აღიარებითი რეჟიმით წამლის იმპორტის დაშვება).
სამედიცინო დახმარების ხარისხისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა პოლიფარმაცია. აღნიშნული მიმართულებით მოკლევადიანი რეკომენდაციაა, რომ: ,,საქართველოში არ უნდა მოხდეს ისეთი ფარმაცევტული პროდუქტის მედიკამენტებად რეგისტრაცია, რაც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ მედიკამენტად აღიარებული არ არის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.