ჯანდაცვის სფეროს 2000-ზე მეტი წარმომადგენელი ჩარეთო გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივაში, რომლის მიზანი საქართველოში იმუნიზაციის მაჩვენებლების გაზრდაა

თბილისი, საქართველო, 2022 წლის 13 სექტემბერი. ჯანდაცვის სფეროს 2000-ზე მეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის ოჯახის ექიმებმა, სოფლის ექიმებმა, ზოგადი პროფილის ექიმებმა, პედიატრებმა და პროფესიული სამედიცინო ასოციაციების წევრებმა მიიღეს უახლესი ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაცისა და ზოგადად იმუნიზაციის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში. ინიციატივას მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებები და მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოები.

პროექტის ფარგლებში გაიმართა დისკუსიათა სერია ექიმებთან საქართველოს დიდ ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში. სესიებს უძღვებოდა საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება, რომელმაც ექიმებს მიაწოდა მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინების შესახებ და აღჭურვა საჭირო ცოდნით, უნარებითა და რესურსებით, რომლებიც გაზრდის მოთხოვნას პაციენტებს, მშობლებსა და ბავშვების აღზრდაზე პასუხისმგებელ პირებს შორის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებსა და რუტინულ ვაქცინაციაზე.

საქართველოს ცხრა რეგიონის ექიმებმა მიიღეს ინფორმაცია ვაქცინაციის მტკიცებულებაზე დაფუძნებული კლინიკური ასპექტების (მათ შორის, კოვიდ-19-ის ვაქცინის) შესახებ და გაიარეს ტრენინგი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებსა და მიდგომებში. შეხვედრას გაუძღვნენ სამედიცინო და საზოგადოების ჯანდაცვის სფეროს ცნობილი ექსპერტები.

2021 წლის დეკემბერში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა მონაცემთა მონიტორინგმა რეალურ დროში აჩვენა, რომ არავაქცინირებულ რესპონდენტთა დაახლოებით 33 პროცენტი სავარაუდოდ არ ჩაიტარებდა ვაქცინაციას, ხოლო 35 პროცენტს ეს ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი. ვაქცინაციაზე უარის თქმის ძირითადი მიზეზებია შფოთი გვერდითი მოვლენების, ვაქცინის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

Share This