“სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხის გარანტი უნდა იყოს, ამ შემთხვევაში ზღვრული ფასების დაწესება საჭირო არ იქნება”

ინტერვიუ საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელ მდივანთან არჩილ მორჩილაძესთან .

– როგორც ცნობილია მედიკამენტებზე ქვეყანაში არსებული დანახარჯები არაადექვატურად მაღალია, ამის გამო სახელმწიფო აპირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში გარკვეულ მიზნობრივ ჯგუფებს აუნაზღაუროს ესენციური მედიკამენტების ღირებულება. როგორ უნდა მოხდეს ამ პროექტის დანახარჯების ოპტიმიზაცია და პირველ რიგში რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით?

– ამბულატორიული მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების სუბსიდირება აუცილებლად უნდა მოხდეს, ასეთია ევროპული კანონმდებლობის, კერძოდ, ევროპის სოციალური დაცვის კოდექსის მოთხოვნები. პროექტის სწორად დაგეგმვა ასევე წაადგება მედიკამენტებზე ქვეყანაში არსებული არაადექვატური დანახარჯების შემცირებასაც.

პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ექიმის დანიშნულება შესაბამისობაში იყოს დღეისათვის არსებულ კლინიკურ გზამკვლევებთან და მინიმუმამდე შემცირდეს პოლიპრაგმაზიის შემთხვევები.
მედიკამენტების ანაზღაურების სისტემის გამართული მუშაობის წინაპირობაა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მომზადება კლინიკურ ფარმაკოლოგიასა და რაციონალურ ფარმაკოთერაპიაში. ექიმების ინფორმირება ამ საკითხში პირდაპირ კავშირშია მედიკამენტების რაციონალურ ხარჯვასთან, დღეს ექიმთა გადამზადებაზე მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიები „ზრუნავენ“, რაც ბუნებრივია იწვევს მედიკამენტების მოხმარების გაზრდას.

-უნდა მოხდეს თუ არა მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესება?

– ექიმები უნდა ფლობდნენ ობიექტურ ინფორმაციას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების შესახებ.და ეს ინფორმაცია მათ მუდმივად, განახლებად რეჟიმში უნდა მიეწოდებოდეთ. ხოლო სახელმწიფო უნდა იყოს გაყიდვაში არსებული მედიკამენტების ხარისხის გარანტი. ამ შემთხვევაში ზღვრული ფასების დაწესება აზრსაც დაკარგავს, ვინაიდან დღეს ბაზარზე ისედაც საკმაოდ დიდი არჩვევანია, მაგალითისთვის ავიღოთ ყველაზე ხშრად მოხმარებადი ანტიბიოტიკი ცეფტრიაქსონი. საავადმყოფოები ამ პრეპარატს 80 თეთრად (ზოგჯერ ნაკლებადაც ) ყიდულობენ, ხოლო საცალო გაყიდვაში იგივე პრეპარატის ფასი იწყება 3 ლარიდან და შეიძლება 20 ლარზე მეტიც კი ღირდეს, მათ შორის ზოგიერთი არაორიგინალი ბრენდი ორიგინალზე ძვირია. მსგავსი სიტუაციაა თითქმის ყველა ძირითად პრეპარატზე.

სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტების ხარისხზე პასუხისმგებლობის აღება საშუალებას მისცემს პროექტში ჩართულ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს თამამად გამოუწერონ პაციენტებს ბაზარზე არსებული ყველაზე იაფი ჯენერიკები. აქვე შეიძლება თანაგადახდის იგივე სისტემის დანერგვა, რაც დღეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ანუ იაფი მედიკამენტის შეძენისას პაციენტის თანაგადახდის წილი იქნება უფრო ნაკლები.

Share This