სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება თვლის, რომ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მადლობას უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაქცინების გადმოცემისთვის და თვლის, რომ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს.

„სამედიცინო საზოგადოების სახელით გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენ მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კოვიდ-19 ის პანდემიის დამარცხების გზაზე ვაქცინის მნიშვნელოვანი მარაგის გადმოცემისთვის.

დღეს ვაქცინაცია წარმოადგენს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს. აქედან გამომდინარე, გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ პანდემიის დასამარცხებლად მნიშვნელოვან გარდატეხას მივაღწიოთ:

1.პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალმა საკუთარ პაციენტებს და მთელ საზოგადოებას მაგალითი უნდა მისცეს და აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში.

2.მოვუწოდებთ მოსახლეობას, გადაუდებლად ჩაიტაროს კოვიდ-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებისმიერი, მათთვის მისაღები ვაქცინით. ამასთან, მკაცრად დაიცვას დღეს არსებული კოვიდ-19 საწინააღმდეგო რეგულაციები, რომელიც არის მინიმალური და მათი შესრულება რთული არ არის.

3.მოვუწოდებთ კლინიკებს, მკაცრად დაიცვან კოვიდ-19-ის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, რათა არ მოხდეს საწოლების დაკავება ისეთი პაციენტების მიერ, ვისაც ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება

4.მოვუწოდებთ სახელმწიფოს, სასწრაფოდ დაადგინოს კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის სამედიცინო და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის სავალდებულოდ შემოღებისა და მისი აღსრულების მექანიზმები,

როგორიცაა მაგ:

ა)ვაქცინირებული პირებისთვის კონკრეტული შეღავათების დაწესება;

ბ)არავაქცინირებული პირების, მათ შორის, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის, სამუშაო ადგილებზე დაშვების შეზღუდვის პირობები.

5.სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, შექმნა ორი ვიდეორგოლი, რომლითაც მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ. ვფიქრობთ, სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა მოახდინოს ამ ვიდეო რგოლების გამოყენება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის“ , – ნათქვამია განცხადებაში.

Share This